შეფასების რუბრიკის შექმნის ძირითადი პრინციპები
შეფასების რუბრიკის სწორად შედგენა და მისი მართებული გამოყენება ბევრი მასწავლებლისთვის პრობლემას წარმოადგენს. ხშირად მასწავლებელი რუბრიკას მხოლოდ ნიშნის დასაწერად იყენებს და უგულებელყოფს ამ ინსტრუმენტის როგორც განმავითარებელი შეფასების მრავალმხრივ პოტენციალს, ყოველივე ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე.
რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ რუბრიკის შექმნისა და მისი გამოყენების დროს?
ა. რუბრიკის შედგენისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაფასებთ სასწავლო შედეგების მიღწევის ხარისხს და არა კონკრეტულ დავალებას. გამოცდილი მასწავლებლებიც კი ხშირად სწორედ აქ უშვებენ შეცდომას (გოლდბერგი და როსველი, 2000). ხშირია შემთხვევა, როდესაც რუბრიკის კრიტერიუმები სწორედ მოცემული დავალების კომპონენტებსაა მორგებული და არა სასწავლო მიზნებს. მსგავსი შეცდომა ნეგატიურ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. მაგალითად, როდესაც რუბრიკა დავალებასაა მორგებული, მოსწავლეებს ჰგონიათ, რომ სწორედ მოცემული დავალების შესრულებაა მათი საბოლოო მიზანი. ეს მათ ხელს უშლის, დაინახონ და კონცეპტუალურად გაიაზრონ მთავარი სასწავლო მიზანი. თუ სასწავლო მიზანია, „მოსწავლეებს განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარი“, ხოლო მის მისაღწევად დაიგეგმება პროექტი, შეფასების რუბრიკა სწორედ ეფექტური თანამშრომლობის ზოგად უნარებზე უნდა იყოს ფოკუსირებული (მაგ., „შეაქვს წვლილი ჯგუფურ სამუშაოში“, „პატივს სცემს სხვის მოსაზრებებს“, „ამჟღავნებს რიგითობის დაცვის უნარს“) და არა პროექტის კონკრეტული კომპონენტების შესრულებაზე (როგორიცაა, მაგალითად, „პროექტის გეგმის შემუშავება“, „პროექტის წარმოსადგენი სტენდის შექმნა“).
ბ) რუბრიკის შედგენისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ფუნქცია არ არის დავალების მოთხოვნების განსაზღვრა ან კონკრეტული მახასიათებლების რიცხობრივი აღრიცხვა. ხშირად შეფასების რუბრიკა ემსგავსება დავალების ცხრილში მოქცეულ ინსტრუქციას, რომელიც აკონკრეტებს დავალების მახასიათებლებს (მაგ., ესეი 350 სიტყვას არ აღემატება; ესეიში გამოყენებულია 10 ახალი ლექსიკური ერთეული). ამგვარი რუბრიკა მოსწავლეს კონკრეტულ დავალებას მორგებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ უბიძგებს და უფრო შორს მიმავალი სასწავლო მიზნების დანახვაში უშლის ხელს.
როგორ განვსაზღვროთ სწორი კრიტერიუმები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუბრიკა შემდეგი სამი კომპონენტისგან შედგება: ა. სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები; ბ. შეფასების სკალა (მიღწევის ხარისხობრივი დონეები); გ. შეფასების სკალაზე გადანაწილებული მიღწევის დონეების აღწერილობები. სწორედ ამ კომპონენტების მართებულად განსაზღვრა წარმოადგენს ეფექტური რუბრიკის შედგენის წინაპირობას.
ა. შეფასების რუბრიკის კრიტერიუმები – მათი განსაზღვრა და შემუშავება
რუბრიკის კრიტერიუმების შერჩევისას აუცილებელია, მკაფიოდ გვქონდეს განსაზღვრული მთავარი სასწავლო მიზანი (სტანდარტი), მერე კი უნდა დადგინდეს, მოსწავლის მუშაობის/ნამუშევრის რომელი კომპონენტები დაგვეხმარება იმის დანახვაში, როგორი წარმატებით მიაღწია მან ამ სასწავლო მიზანს. სწორედ ეს იქნება კრიტერიუმები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელოს მასწავლებელმა შეფასებისას. ქვემოთ მოყვანილია შეფასების კრიტერიუმების ძირითადი მახასიათებლების ჩამონათვალი, რომლებიც მათ ეფექტურობას განსაზღვრავს.
კარგად შერჩეული შეფასების კრიტერიუმი უნდა იყოს:
- სასწავლო მიზნის შესაბამისი – თითოეული კრიტერიუმი სავსებით უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო მიზანს; ეს არის კრიტერიუმის შერჩევის მთავარი „კრიტერიუმი“.
- მკაფიო – მისი შინაარსი არ უნდა იყოს ორაზროვანი, გასაგები უნდა იყოს როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის;
- დაკვირვებადი – უნდა აღწერდეს სამუშაოს/ნამუშევრის ისეთ ასპექტს ან ასპექტებს, რომელთა აღქმაც შესაძლებელია დამკვირვებლისთვის ხმოვანი ან ვიზუალური გზით;
- სხვა კრიტერიუმებისგან განსხვავებული – რუბრიკაში წარმოდგენილი ყოველი კრიტერიუმი სასწავლო მიზნის სხვადასხვა ასპექტს უნდა ეხებოდეს, კრიტერიუმებს შორის არ უნდა იყოს გადაფარვა;
- ხარისხობრივად მრავალდონიანი – კრიტერიუმი უნდა იძლეოდეს მასზე მისადაგებული მიღწევის ინდიკატორების ხარისხობრივ დონეებად ჩაშლის საშუალებას;
- კრიტერიუმების ერთობლიობა მთლიანად უნდა ფარავდეს სასწავლო მიზანს – რუბრიკაში წარმოდგენილი კრიტერიუმების ერთობლიობა სრულყოფილად უნდა მოიცავდეს აქტივობის/დავალების სასწავლო მიზნის ყველა კომპონენტს.
რუბრიკაში წარმოდგენილი ძირითადი კრიტერიუმების გვრდით შეიძლება არსებობდეს „ფარული“ კრიტერიუმებიც (სედლერი, 1989). ეს კრიტერიუმები ეხება ასპექტებს, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია მოცემული დავალების წარმატებით შესასრულებლად, თუმცა არ წარმოადგენს ძირითად სასწავლო მიზანს და, ამდენად, არ უნდა აისახოს შეფასების რუბრიკაში.
კარგად შედგენილ რუბრიკაში წარმოდგენილია არა ყველა, არამედ მხოლოდ მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რომელთა შეფასებასაც ისახავს მიზნად მოცემული დავალება. მაგალითად, ლაბორატორიაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წერისას მნიშვნელოვანია შესაბამისი წერის უნარებისა და ლექსიკის გამოყენება, მაგრამ თუ მოცემული დავალების სასწავლო მიზანია „მოსწავლეებში მეცნიერული ცნებების სწორად ინტერპრეტირებისა და კვლევითი უნარების განვითარება“, ამ შემთხვევაში „ეფექტურად წერის უნარი“ ვერ იქნება კრიტერიუმი. შესაბამისად, შესაძლებელია, ერთი და იგივე ნამუშევარი სხვადასხვაგვარად შეფასდეს, იმის მიხედვით, შეფასების რომელ კრიტერიუმებს ვირჩევთ.
ბ. შეფასების სკალა (მიღწევის ხარისხობრივი დონეები)
სწორად შერჩეულ კრიტერიუმებთან ერთად რუბრიკის შედგენისას აუცილებელია ხარისხობრივი დონეებისრაოდენობის სწორად განსაზღვრაც. სასურველია, იმდენი დონე გამოიყოს, რომ მათ შორის ხარისხობრივი განსხვავება მკაფიოდ აღიქმებოდეს. შესაბამისად, მარტივი დავალებებისთვის შეიძლება მხოლოდ ორი დონე შეირჩეს (მაგ., დამაკმაყოფილებელი და არადამაკმაყოფილებელი). უფრო სიღრმისეული შეფასების საჭიროების შემთხვევაში ხუთი დონეც კი შეიძლება იქნეს წარმოდგენილი.
შეფასების შედეგების ინტერპრეტირების გასაადვილებლად, თუ დავალება ამის საშუალებას იძლევა, სასურველია, რუბრიკაში წარმოდგენილი ხარისხობრივი დონეების რაოდენობა და თქვენს სკოლაში დანერგილი შეფასების სისტემა ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს (ბრუკჰარტი, 1999). მაგალითად, შეფასების ხუთქულიან სისტემაში სასურველია ხუთი დონის წარმოდგენა, მაგრამ ამდენივე დონის წარმოდგენა შეუძლებელია ათქულიანი სისტემის შემთხვევაში. შესაბამისად, აქ შეიძლება დონეებს შორის ინტერვალი ერთზე მეტი იყოს (მაგ., 1-2; 3-4; 5-6; 7-8; 9-10), ანუ ყოველ დონეზე შეიძლებოდეს ნამუშევრის ხარისხის კიდევ უფრო დიფერენცირება. თუ შეფასების სისტემა ამგვარი ადაპტირების საშუალებას არ იძლევა, რუბრიკის კრიტერიუმებისა და ხარისხობრივი დონეების თქვენს სკოლაში არსებულ შეფასების სისტემაზე ხელოვნურად მორგება და ამით მათი ეფექტურობის დაზარალება არ ღირს. აჯობებს, ამისთვის სხვა გზები ეძებოთ.
გ. მიღწევის დონეების აღწერა
მნიშვნელოვანია, რუბრიკაში წარმოდგენილ კრიტერიუმებს შესაბამისი ხარისხობრივი დონეების მიხედვით დალაგებული და, რაც მთავარია, სწორად ფორმულირებული მიღწევის დონეების აღწერა მივუსადაგოთ.
დონეების აღწერამდე კარგად უნდა განისაზღვროს ინდიკატორები, რომლებზე დაკვირვებაც გააადვილებს მოსწავლეების შეფასების პროცესს და სწორედ ისინი უნდა წარმოჩნდეს მიღწევის დონეების აღწერილობებში. ასევე მნიშვნელოვანია, აღწერილობის წერა სასწავლო მიზნის შესაბამისი უმაღლესი მიღწევის დონით დაიწყოს და კლებადი გრადაციის პრინციპით გადანაწილდეს შეფასების სკალის ქვედა დონეებზე. ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც მიღწევის დონეების აღწერილობის ეფექტურობას განსაზღვრავს.
ეფექტურად ფორმულირებული აღწერილობა:
- აღწერს და არ აფასებს ნამუშევარს – მიღწევის დონის აღწერილობაში ადვილად აღსაქმელი (დასანახი ან მოსასმენი) მახასიათებლებია წარმოდგენილი;
- არის გასაგები – არ იწვევს ორაზროვნებას და სავსებით გასაგებია როგორც მასწავლებლისთვის, ისე მოსწავლისთვის;
- მოიცავს მიღწევის ყველა შესაძლო ხარისხობრივ დონეს – თითოეული კრიტერიუმისთვის წარმოდგენილია მოსწავლის მიღწევის ყველა შესაძლო ხარისხობრივი დონე – როგორც ყველაზე დაბალი, ისე ყველაზე მაღალი;
- დონეები ხარისხობრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან – დონეებს შორის სხვაობის დანახვა ადვილია და არ იწვევს ორაზროვნებას; შესაბამისად, ადვილია კონკრეტული ნამუშევრის კონკრეტულ დონესთან მისადაგებაც. აღწერილობაში შესაბამისი ტერმინებით/ფრაზებით ლოგიკურად და თანმიმდევრულადაა გამოკვეთილი ძირითადი სხვაობები (მაგ., ტექსტში ამომწურავადაა წარმოდგენილი არგუმენტები; საკმარისადაა არგუმენტები; გარკვეულწილადაა წარმოდგენილი არგუმენტები, არ არის წარმოდგენილი არავითარი არგუმენტი);
- სასწავლო მიზნის შესაბამისი დონე სწორადაა წარმოდგენილი რუბრიკაში – სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი დონეები მაღალი სიზუსტითაა აღწერილი და შეფასების სკალაზეც სწორადაა განლაგებული;
- დონეების აღწერილობები ერთგვაროვანია – აღწერილობები ერთმანეთისგან განსხვავდება არა თვისებრივად, არამედ ხარისხობრივად – ისინი აღწერენ ხარისხობრივ სკალაზე გადანაწილებულ საერთო მახასიათებლებს. შესაბამისად, ეს აღწერილობები ერთნაირადაა ფორმულირებული, სხვაობები კი შესაბამისი ტერმინებით/ფრაზებითაა გამოკვეთილი.
მოსწავლის მუშაობის/ნამუშევრის აღწერილობა შეიძლება იყოს ზოგადი (მაგ., „მოსწავლე იყენებს პრობლემის გადაჭრის შესაბამის სტრატეგიას“) ან კონკრეტულ დავალებაზე მორგებული (მაგ., „მოსწავლე იყენებს ‘X’ განტოლებას“). როგორც წესი, ზოგადი აღწერა უფრო მიზანშეწონილი და პროდუქტიულია, თუმცა თავად უნდა განსაზღვროთ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში რომელი მიდგომა უფრო შეესაბამება არსებულ საჭიროებებს.
არ არის რეკომენდებული აღწერილობაში წარმოდგენილი მახასიათებლების იმდენად დაკონკრეტება (მაგ., მახასიათებლების რიცხვის განსაზღვრა), რომ მათი მისადაგება მხოლოდ ერთ დავალებასთან იყოს შესაძლებელი და მოსწავლეებს უზღუდავდეს დავალების შესრულების გზებს (ჩეპმენი და ინმენი, 2009, 198). მაგალითად, ნამუშევრის აღწერილობაში არ უნდა ჩავწეროთ: „ნამუშევარში წარმოდგენილია სამი არგუმენტი“ ან „წარმოდგენილია ორი ფაქტი“. ამგვარი რუბრიკა მოსწავლის შემოქმედებით უნარებს თრგუნავს და ხელს უშლის მის მეტაკოგნიტიურ განვითარებას. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დონის აღწერილობის ფრთხილად ფორმულირება, რადგან მასში წარმოდგენილ თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და განსაზღვრავს სწავლა-სწავლების მიმდინარეობას.
გვხვდება იმგვარი რუბრიკებიც, რომლებშიც მხოლოდ შეფასების დონეებია წარმოდგენილი (მაგ., 4 – საუკეთესო, 3 – კარგი, 2 – დამაკმაყოფილებელი, 1 – არადამაკმაყოფილებელი) და არ შეიცავს ამ დონეების აღწერილობას. უმართებულოა მიდგომა, რომელიც შემფასებლის მხრივ სუბიექტური დასკვნების გამოტანას მოითხოვს.. ამ შემთხვევაში შეფასების ინსტრუმენტია არა რუბრიკა, არამედ რუბრიკის ფორმით შენიღბული ძველებური სტილის ნიშნის დაწერის ინსტრუმენტი.
შეფასების რუბრიკის შედგენის საფეხურები
რუბრიკის შედგენისადმი ორი მიდგომა არსებობს. ესენია: დედუქციური, როდესაც პროცესს სასწავლო მიზნის განსაზღვრით ვიწყებთ და ინდუქციური, როდესაც ჯერ მოსწავლეების ნამუშევრებს ვაანალიზებთ, მერე კი ამის საფუძველზე ზოგად სასწავლო მიზანს განვსაზღვრავთ. ორივე შემთხვევაში რუბრიკის შექმნა ფრთხილ და გააზრებულ დაგეგმვას მოითხოვს.
- სასწავლო მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი კონცეპტუალური ჩარჩოს შექმნა
უპირველესად, ნათლად უნდა ვხედავდეთ, რა სასწავლო მიზნის მიღწევას ვცდილობთ და როგორ გვეხმარება მოცემული დავალება (სამუშაო) ამ მიზნის მიღწევაში. შესაბამისად, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ მიზანი და მოვახდინოთ იმ კომპონენტების (კრიტერიუმების) იდენტიფიცირება, რომელთა სწავლებასაც ვაპირებთ.
- რუბრიკის ტიპის, შესაბამისი კრიტერიუმებისა და ხარისხობრივი დონეების განსაზღვრა
მოცემულობიდან გამომდინარე უნდა განვსაზღვროთ, რომელი მიდგომაა უფრო მართებული რუბრიკის შემუშავებისას – ანალიტიკური (თითოეული კრიტერიუმისთვის წარმოვადგინოთ შესაბამისი შეფასების სკალისა და მიღწევის დონეების აღწერა) თუ ჰოლისტური (ერთიანად წარმოდგენილი კრიტერიუმებისთვის შესაბამისი სკალისა და მიღწევის დონეების აღწერა).
- მიღწევის დონეების რაოდენობის განსაზღვრა და თითოეულის შესაბამისად აღწერა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დონეების რაოდენობა დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა განვსაზღვროთ; აღწერილობაც სასწავლო მიზნების შესაბამისი უნდა იყოს – ზოგადი ან უფრო კონკრეტული.
- რუბრიკის პრაქტიკაში გამოცდა
რუბრიკის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია, ის რამდენიმე მოსწავლეზე გამოსცადოთ, დააკვირდეთ, რამდენად მიზნობრივად და ადვილად გამოსაყენებელია ის პრაქტიკაში. მოისმინეთ კოლეგებისა და თავად მოსწავლეების მოსაზრებებიც.
რატომ არის რუბრიკის გამოყენება ასე მნიშვნელოვანი?
რუბრიკას სწავლა-სწავლების პროცესში მრავალმხრივი დანიშნულება აქვს. ის წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც მასწავლებელს სწავლებისა და შეფასების პროცესს უადვილებს, მოსწავლეს კი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.
ა. რუბრიკა ეხმარება მასწავლებელს სწავლების პროცესში
ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აცნობიერებდეს, რა შედეგის მიღება სურს მოცემული დავალებისა თუ აქტივობის მეშვეობით და რა სასწავლო მიზანს ემსახურება ის.
რუბრიკის შერჩევისა თუ შედგენის პროცესში მასწავლებელმა სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს კრიტერიუმები, რომელთა შემოწმებასაც აპირებს კონკრეტული დავალების საშუალებით, დასვას აქცენტი იმაზე, რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ და არა იმაზე, რა უნდა ასწავლოს თავად. ყოველივე ეს მასწავლებელს ეხმარება, კონცენტრირებული იყოს არა კონკრეტულ დავალებაზე, არამედ მიზანზე; მიზანი ერთია, მისი მიღწევის გზა (აქტივობები/დავალებები) კი – მრავალი. შესაბამისად, სასწავლო მიზნის მიღწევის პროცესში მოცემული დავალება მხოლოდ ერთი დამხმარე ინსტრუმენტია. კარგად შედგენილი შეფასების რუბრიკა და მისი სწორად გამოყენება სწორედ ამის გააზრებაში ეხმარება მასწავლებელსაც და მოსწავლესაც.
ბ. შეფასების რუბრიკა მოსწავლეებს სწავლის პროცესში ეხმარება
რუბრიკა, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებს კონკრეტული დავალებ(ებ)ის შესრულების წინ აცნობს, ეხმარება მათ საბოლოო შედეგის და წარმატების მაჩვენებლის/ინდიკატორის დანახვასა და მიღწევაში. ამასთანავე, თუ რუბრიკას განმავითარებელი მიზნებისთვის გამოვიყენებთ, მოსწავლეებს მიღწეული შედეგის გაუმჯობესების გზების დანახვაშიც დაეხმარება. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ნებისმიერი კლასის მოსწავლეს შეუძლია, თავად მიიღოს მონაწილეობა რუბრიკის შექმნაში (ჰიგინსი, ჰარისი და კოენი, 1994) და რომ ის მოსწავლეები, რომლებიც თვითონ არიან ჩართულნი რუბრიკის შედგენისა და თვითშეფასების პროცესში, გაცილებით უკეთესი აკადემური მიღწევებით გამოირჩევიან ამ მხრივ პასიურ მოსწავლეებთან შედარებით (ანდრე, დუდავანგი, 2008)
http://mastsavlebeli.ge/?p=13937
No comments:
Post a Comment