გაჩერებებით სწავლა


   
„გაჩერებებით სწავლა? კეთილი, მაგრამ როგორ?“ 
გაჩერებებით სწავლის მეთოდი ახალი არ არის. ამერიკელი პედაგოგი ჰელენ პარკურსტი მას მეოცე საუკუნის დასაწყისში იყენებდა პრაქტიკაში მარია მონტესორის სწავლების საფუძველზე. პროგრესულ განათლებაში სწავლების ეს თავისუფალი და ღია ფორმა პეტერსენმა და ფრეინეტმა წამოსწიეს როგორც საგაკვეთილო, სასკოლო პროცესში, ისე სწავლისა და შემეცნებით თეორიებშიც. თავისუფალი მუშაობისას ვითარდება სასწავლო პროცესები, რომლებიც საბოლოოდ შემეცნებებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცოდნაში გადაიზრდება. რამდენადაც კვლევის საგანს თავად მსწავლელი ირჩევს, იზრდება არა მარტო სწავლის მცდელობის ინტენსივობა, არამედ სწავლის პროცესში წარმოიქმნება დამოუკიდებლად გაგების/გააზრების სტრუქტურებიც (სერბროკი, 1998). „ტვინის ეს განსაკუთრებული ვარჯიში“ კვლავ აქტუალური გახდა 1980 წლის ზაფხულში გერმანიის (აიდლინგენი) ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში, რომლის თემაც გახლდათ მოსწავლეზე ორიენტირებული სამუშაო მასალები მრავალფეროვანი კითხვის გაკვეთილისთვის. მას შემდეგ სწავლების ეს ფორმა სულ უფრო და უფრო მეტ საგანში გამოიყენება.

გაჩერებებით სწავლის დახასიათება
დღესაც გაჩერებებით სწავლა გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ, ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მუშაობას. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მსწავლელთა შესაძლებლობებს, წინარე ცოდნასა და უნარებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულ გაჩერებებზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შეთავაზებას. გაჩერებებზე მუშაობა ორიენტირებულია პროექტებით სწავლების პრინციპებზე, იქიდან გამომდინარე, რომ ერთადერთ სწორ პასუხს კი არ გვთავაზობს, არამედ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ საშუალებათა მოძიების შესაძლებლობას გვაძლევს. შესაბამისად, ის ხელს უწყობს ქმედებაზე ორიენტირებულ სწავლებას, რომლის შედეგიცაა პროდუქტის, მაგალითად, რაიმე კოლაჟის ან პლაკატის, შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსწავლე შეძლებისდაგვარად მეტი გრძნობის ორგანოს გამოყენებით იძენდეს ცოდნას სწავლის ახალი მიდგომების შესახებ ან სულაც იმაღლებდეს მას უკვე ნასწავლ მასალაში. ეს მაშინ ხდება, როცა შეთავაზებული მასალა აღვიძებს მსწავლელის ცნობისმოყვარეობას და ხელს უწყობს მისი მოტივაციის ამაღლებას ამ მასალაზე აქტიურად სამუშაოდ. გაჩერებებით სწავლა ითვალისწინებს არა მარტო „გონებრივ შრომას“, რომელიც ოთხ უნარ-ჩვევას (მოსმენა, კითხვა, წერა და ზეპირმეტყველება) ავარჯიშებს, არამედ მუშაობისას (შეძლებისდაგვარად) ააქტიურდებს ყნოსვის, გემოვნების შეგრძნებსა და ფანტაზიიასაც. გათვალისწინებულია თამაშის ელემენტებიც, რაც ასევე აღვიძებს ფანტაზიას. თუმცა, პროექტგაკვეთილისგან განსხვავებით, ეს მეთოდი არ იძლევა საგაკვეთილო პროცესის კლასისა და სკოლისგარე რეალობაში გადატანის საშუალებას. სკოლისგარე რეალობა აქ მხოლოდ სიმულაციის სახით შეიძლება შევთავაზოთ მსწავლელებს. გაჩერებებით სწავლის ორგანიზებისას დიდი როლი ეკისრება მატერიალურ ბაზას (მოძრავი მაგიდები, დიდი საკლასო ოთახი), პრაქტიკულ რესურსებს (ქსეროქსი, პრინტერი), გრძნობის ორგანოებზე დაფუძნებული გაჩერებების მოწყობის შესაძლებლობას და ა.შ.
გაკვეთილი არ უნდა იქცეს რუტინად, ის გამუდმებით უნდა შეიცავდეს გაოცებისა და მოულოდნელობის ელემენტებს. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ზემოხსენებული მეთოდი.

გაჩერებების მომზადება და მოწყობა
გაჩერებების მოსამზადებლად საჭიროა დაადგინოთ თქვენთვის მისაღები ლოგიკური თანმიმდევრობა, დანომროთ ან შესაბამისად მონიშნოთ გაჩერებები.
ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაო?
მოსწავლეებს შეუძლიათ, დავალებები შეასრულონ როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში ან ჯგუფურად, თუმცა უპირატესობა წყვილურ ან ჯგუფურ მუშაობას ენიჭება. ჯგუფის შედგენის პროცესი მასწავლებლის ზედამხედველობით უნდა მიმდინარეობდეს (ჯგუფებად დაყოფის სხვადასხვა მეთოდით), მაგრამ არა ძალდატანებით და ავტორიტარულად.

გაჩერებების თანმიმდევრობა, სარბენი ბარათი და დღიური
ცალკეული გაჩერებების თანმიმდევრობა შეიძლება წინასწარ განისაზღვროს, მაგალითად, გაჩერებები დამუშავდეს საათის ისრის მიმართულებით ან ნუმერაციის მიხედვით. ასეთი სტრუქტურა განსაკუთრებით რეკომენდებულია ახალბედა მონაწილეთათვის და აადვილებს გაჩერებების მოწყობას. თუმცა გაჩერებები შეიძლება განლაგდეს შემთხვევითობის პრინციპითაც საკლასო ოთახში ან მის წინ. ამ შემთხვევაში დავალებების შესრულების თანმიმდევრობას თავად მოსწავლეები ირჩევენ. ეს გამართლებულია მაშინ, როცა, მაგალითად, განვლილი მასალის გამეორებას ვისახავთ მიზნად. აქვე აღსანიშნავია, რომ ყოველ გაჩერებაზე უნდა იდგეს ადვილად აღსაქმელი აბრა წარწერით ან სიმბოლოთი, რომელიც ცხადყოფს, რა სახის დავალებაა შესასრულებელი ან რა თემაზე. ორიენტაციის გასაიოლებლად მოსწავლეებს ეძლევათ ე.წ. „სარბენი ბარათი“ გაჩერებების ჩამონათვალით, რომელზეც აღნიშნავენ შესრულებულ/შესასრულებელ დავალებებს. მოსწავლეებს ასევე შეიძლება შევთავაზოთ დღიურის /პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც საკუთარ მიღწევებს და შთაბეჭდილებებს ასახავენ. ამრიგად, მოსწავლეთა ავტონომია არ შემოიფარგლება გაჩერებების ფარგლებში მუშაობით – ისინი თავიანთი მიღწევებისა და წარმატებების კრიტიკულ ანალიზსა და რეალისტურ თვითშეფასებასაც ახდენენ.
დასასვენებელი, ალტერნატიული და საინფორმაციო გაჩერებები
როცა მოსწავლეებს გაჩერებათა არჩევის თავისუფლება ეძლევათ, მოსალოდნელია, რომ ერთ გაჩერებასთან ერთდროულად რამდენიმე ჯგუფმა მოიყაროს თავი. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მომზადდეს 1-2 ალტერნატიული გაჩერება, რომლებზეც შედარებით სწრაფ ჯგუფებს ალტერნატიული მუშაობის საშუალება მიეცემათ. გაჩერებების სირთულის ხარისხიც სხვადასხვა უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ერთ „დასასვენებელ გაჩერებასაც“, სადაც მოსწავლეები შედარებით მსუბუქი, კრეატიული ან თამაშის ელემენტებით გაჯერებული დავალებების შესრულებას შეძლებენ და ამოისუნთქავენ.
შეიძლება საინფორმაციო გაჩერების დამატებაც, სადაც თავს მოიყრის დამხმარე მასალა: ლექსიკონები, განმარტებები და სხვა, –  რომელიც მოსწავლეებს მუშაობას გაუადვილებს. შეიძლება, იქვე განთავსდეს პასუხების ფურცლები, თუ, რა თქმა უნდა, მათ გაჩერებებზე დალუქულ კონვერტებში არ მივუჩენთ ადგილს.

გაჩერებების განლაგება საათის ისრის მიმართულებით
გა
განლაგების ვარირება შეიძლება საკლასო ოთახის ფორმისა და სიდიდის მიხედვით.
დროის ლიმიტი და გაჩერებების ცვლა
გაც
ყოველი გაჩერების დასამუშავებლად დაწესებული უნდა იყოს დროის ლიმიტი, რომლის დადგენისას გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლეებს ყველა გაჩერებაზე მუშაობის საშუალება უნდა მიეცეთ. ამასთანავე, დრო ისე უნდა გადანაწილდეს, რომ მოწაფეებს არც თავისუფალი დრო დარჩეთ და არც დროის სიმცირის გამო ზედაპირულად იმუშაონ. თუ მხოლოდ ერთ ჯგუფს დარჩება თავისუფალი დრო, მას შეუძლია, ეს დრო უკვე ნახესენებ ალტერნატიულ გაჩერებებზე გაატაროს, ხოლო თუ რამდენიმე ჯგუფს შეექმნება დროის (ნაკლების ან მეტის) პრობლემა, სამუშაოსთვის გამოყოფილი ვადა შესაბამისად უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს. გაჩერებების ცვლა შეიძლება მოხდეს აკუსტიკური სიგნალით, მაგალითად, პატარა ზარის რეკვით ან მუსიკით, ან შესაბამისი ვერბალური სიგნალით, ან თუნდაც ჩუმი იმპულსით, მაგალითად, ხელის ან უკვე ნაცნობი ბარათის აწევით. ჯგუფებს უნდა მივუთითოთ, რომ სამუშაოს დამთავრების შემდგომ მოაწესრიგონ/საწყის მდგომარეობაში დააბრუნონ მასალები (თუ, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა), რათა არ შეაფერხონ მომდევნო ჯგუფის მუშაობა.

შეცდომების გასწორება
სწავლის პროცესი შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, მოსწავლეები გაჩერებებით სწავლის დროსაც დაუშვებენ შეცდომებს, თუმცა ამ მეთოდის გამოყენებისას მათი პერმანენტული შესწორება არათუ შეუძლებელი, არამედ არასასურველიც კია – ეს გამოიწვევს მოსწავლეთა პასიურობას შეცდომის დაშვების შიშით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პედაგოგმა შეცდომებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს – ამან შესაძლოა ხარვეზების ჩაქვავებამდე მიგვიყვანოს. ჩემი გამოცდილებით, ძალიან შედეგიანია შეცდომების მონიშვნა და მომდევნო გაკვეთილებზე მათი ანონიმურად განხილვა ან ამ შეცდომების გათვალისწინებით სავარჯიშოების შექმნა და მათზე ამ სახით მუშაობა. შეცდომების გასწორება მოსწავლეთა მხრივ პოზიტიურად აღიქმება, თუ მასწავლებელი თავისი ქცევით აჩვენებს, რომ შეცდომა პრობლემას არ წარმოადგენს და აუხსნის მოსწავლეებს, რომ მისგან (ან თანაკლასელისგან) ამ კონტექსტში მხოლოდ დახმარებას უნდა ელოდონ.

მასწავლებლის როლი
შესაძლოა, მკითხველს მოეჩვენოს, რომ მასწავლებელი გაჩერებებით სწავლის მსვლელობისას პასიურ როლს ასრულებს, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. პედაგოგს ამ დროს საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი ეკისრება და დავალებების მთელი წყება აქვს შესასრულებელი. ის არა კონტროლს, არამედ მონიტორინგს აწარმოებს, ანუ აკვირდება სწავლის/მუშაობის პროცესს, ეხმარება მოსწავლეებს, აძლევს მათ მითითებსა და რჩევებს. ამასთანავე, მას ეძლევა საშუალება, უფრო მეტი ინდივიდუალური კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ მოსწავლეს ან ჯგუფს, განიხილავს სხვადასხვა სტრატეგიას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ავტონომიას.

მოსწავლის როლი
ტრადიციული (უცხოური ენის) სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეები შეჩვეულები არიან, რომ მასწავლებელი განსაზღვრავს გაკვეთილის მსვლელობას, შინაარსს, პროგრესიას, შეფასების სახეებს, მეთოდსა და მედიასაშუალებებს და თვითონვე სახავს მისაღწევ მიზნებს. მოსწავლეები შემსრულებლები არიან და მხოლოდ მასაწავლებლის მიერ მიწოდებულ იმპულსებზე რეაგირებენ. გაჩერებებით სწავლისას მოსწავლეები გამოდიან პასიური როლიდან და გარკვეულწილად თავად მართავენ პროცესს, თავად სახავენ მიზნებს, ანაწილებენ დროს და, ამასთანავე, ანგარიშს უწევენ თანაკლასელის მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალ მეთოდს მოსწავლეები ინტერესით ხვდებიან, მაგრამ ეჭვის თვალითაც უყურებენ, ამიტომ გაჩერებების მომზადებას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, მომზადებასთან ერთად მასწავლებლის მოვალეობაა მოსწავლეთა შეგულიანება, მათი პოზიტიური ქცევის წაქეზება და დადებითი კლიმატის შექმნა, თუმცა ინოვაციით გამოწვეულ სიხარულთან ერთად ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს დასახული მიზნები და ინდიკატორები.
გაჩერებებით სწავლა და სახელმძღვანელოზე მუშაობა
ხანგრძლივ და ინტენსიურ მომზადების პროცესს მასწავლებლები ხშირად ამ მეთოდის უარყოფით მხარედ აღიქვამენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ გაჩერებებზე გამოსაყენებელი მასალა შესაძლოა სახელმძღვანელოში განხილულ თემებთან იყოს კავშირში ან უშუალოდ სახელმძღვანელოდან ამოღებული სავარჯიშოების კრებულს წარმოადგენდეს. არ უნდა დაგვავიწრდეს, რომ გაჩერებებით სწავლებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ის ნასწავლ მასალას ეფუძნება. ამასთანავე, კონტროლმა და წარმატების შეგრძნებამ თითოეულ გაჩერებაზე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.
თუ მოსწავლეები ამ ტიპის სწავლასთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიურ გამოცდილებას დააგროვებენ, ისინი დროთა განმავლობაში თვითონვე შეძლებენ გაჩერებებისთვის დავალებების შექმნას და ამით საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
შეფასება და პრეზენტაცია
გაჩერებებზე შექმნილი პროდუქტები და ნამუშევრები შეფასებასაც მოითხოვს. გაჩერებების ცვლისას მნიშვნელოვანია, რომ წინა ჯგუფის ნამუშევრები გაჩერებაზე არ დარჩეს  და, თუ შემდგომი გაჩერებების დასამუშავებლად არ არის საჭირო, გამოიფინოს ან მოხდეს მათი პრეზენტაცია. საპრეზენტაციოდ ტრადიციულ დაფასთან ერთად შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი სარეცხის გასაფენი თოკი და სამაგრები. მთელი სამუშაოს დასრულების შემდეგ ნამუშევრები უნდა შეფასდეს მოსწავლეების მიერ/მოსწავლეებთან ერთად. ეს განსაკუთრებით ისეთ დავალებებს ეხება, როგორებიცაა დიალოგები, როლური თამაშები, პატარა სკეჩები, ნახატები და სხვა. დახურული დავალებების შემთხვევაში კი უშუალოდ გაჩერებაზე ან ალტერნატიულ გაჩერებაზე დახვდებათ მოსწავლეებს პასუხების ფურცელი.
შანსი, სირთულეები და რისკი
გასათვალისწინებელია, რომ, ისევე როგორც ყველა სოციალურ და სამუშაო ფორმას, გაჩერებებით სწავლასაც აქვს დადებითი მხარეები და, იმავდროულად, თან ახლავს ერთგვარი რისკებიც.

პოზიტიური მხარეები
აღწერილი მეთოდი მთლიანად მოსწავლეზეა ორიენტირებული, არ შეიცავს იძულებისა და ფრონტალური სწავლების ელემენტებს. იქიდან გამოდინარე, რომ მოსწავლეები თავად განაგებენ სასწავლო პროცესს (ხშირად თავად არჩევენ თემას, განსაზღვრავენ დროს, მუშაობენ დამოუკიდებლად), მეთოდი ხელს უწყობს ავტონომიურ სწავლებას. მოსწავლეთაგან მომდინარე ხელის შემშლელმა ფაქტორებმა ამ მეთოდით სწავლებისას შესაძლოა გავლენა მოახდინოს მხოლოდ უშუალოდ ჯგუფის წევრებზე და არა მთლიან სასწავლო პროცესზე. მასწავლებელი სასწავლო პროცესს დისტანციიდან აკვირდება და შეუძლია, საჭიროებისამებრ ჩაერიოს მუშაობაში. შერეული ჯგუფებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია სოციალური სწავლა, რაც ნიშნავს, რომ მოსწავლეები ერთმანეთისგან სწავლას გვერდს ვერ აუვლიან. გარდა ამისა, მოწაფეებს შეუძლიათ, მოახდინონ შესრულებული სამუშაოს შედეგების ინტეგრირება მიმდინარე პროცესში და ამით თანაკლასელებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ.

უარყოფითი მხარეები
ამ მეთოდის ყველაზე პრობლემურ მხარედ მომზადების ხანგრძლივ და შრომატევად პროცესს ასახელებენ, თუმცა ამ მეთოდის რამდენიმეჯერ გამოყენებისას მომზადების პროცესიც რუტინული ხდება, თანაც შესაძლებელია ერთხელ მომზადებული სამუშაო ფურცლების ლამინირება და სხვა ჯგუფთან გამოყენება. ასევე დასაფიქრებელია, რომ გაჩერებებით სწავლებისას შეუძლებელია პირდაპირი კონტროლი, მასწავლებელი (ფრთხილად) ეხმარება იქ, სადაც ამის საჭირობას ხედავს, ან როცა მოსწავლეები სთხოვენ.
დაბოლოს, მინდა ავღნიშნო, რომ გაჩერებებით სწავლა, მიუხედავად არაერთი უპირატესობისა, არ არის უცხოური ენის სწავლების საუკეთესო და შეუცვლელი მეთოდი, თუმცა უდავოდაა იმ მეთოდთაგანი, რომლებსაც უცხო ენის გაკვეთილზე მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს.

აქვე შემოგთავაზებთ კითხვებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა გაჩერებებით სწავლის მომზადებისას.
  • გამოსადეგია თუ არა ჩემ მიერ შერჩეული თემა გაჩერებებზე სამუშაოდ?
  • საკლასო ოთახი სათანადო ზომისაა თუ სხვა (უფრო მოზრდილი) შევარჩიო?
  • რამდენად გასაგებად და ნათლად არის სტრუქტურირებული ჩემ მიერ დაგეგმილი პროცესი? საჭიროა თუ არა განსაკუთრებული მითითებების მიცემა, მაგალითად, გაკვეთილის დაწყებისას?
  • ნაცნობია თუ არა ჩემი მოწაფეებისთვის მუშაობის წესები?
  • ნათელია თუ არა სწავლის მიზნები? მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რას რისთვის აკეთებენ.
  • საკმარისია თუ არა სამუშაო მასალა თითოეულ გაჩერებისთვის?
  • მრავალფეროვანია თუ არა გაჩერებებზე გამოყენებული მეთოდები?
  • იციან თუ არა მოსწავლეებმა, რა სახის დავალება უნდა შეასრულონ, ანუ რამდენად ნათლად არის აღწერილი დავალებები და შეფასების კრიტერიუმები?
  • რამდენად შეესაბამება დავალებები მოსწავლეთა ასაკსა და ენობრივ დონეს?
  • საკმარისია თუ არა დავალებების დასამმუშავებლად განსაზღვრული დრო?
  • შესაძლებელია თუ არა მოსწავლეთა იდეების გათვალისწინება გაჩერებების მოწყობის დროს?
  • გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა განსხვავებული უნარები და შესაძლებლობები ანუ შიდა დიფერენცირების პრინციპი?
  • გათვალისწინებულია თუ არა დავალებების მომზადებისას სწავლის განსხვავებული ტიპები, რათა ყოველ მოსწავლეს ჰქონდეს წარმატების შეგრძნება?
  • იძლევა თუ არა ჩემ მიერ დაგეგმილი პროცესი მრავალმხრივი სწავლების საშუალებას?
  • საკმარისია თუ არა დამხმარე მასალა (ლექსიკონები, დამატებითი მასალა, პასუხების ფურცლები…) საინფორმაციო გაჩერებაზე?
  • საკმარისია თუ არა საბოლოო პრეზენტაციისთვის გამოყოფილი დრო?
  • რამდენად შეესაბამება საბოლოო პრეზენტაციის სახე მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნამუშევრებს?
http://mastsavlebeli.ge/?p=10414


No comments:

Post a Comment

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია

2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...