ყველა დამწყებ პედაგოგს ან მაძიებელ მასწავლებელს სჭირდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა არის პორტფოლიო. ვფიქრობ ჩემს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება და ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით პორტფოლიოს რაობაზე.
რა არის პორტფოლიო?
პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწავლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში.
დაახლოებით ოცი წელია, რაც პორტფოლიომ განათლების მეცნიერებაში შემოაღწია და დამკვიდრდა. თუმცა, პორტფოლიოს გამოყენება ახალი მიგნება არ გახლავთ, არქიტექტორები და ხელოვანები მსგავსი დოკუმენტების კრებულს რამდენიმე ასწლეულია იყენებენ ახალი დამკვეთებისთვის საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაციისთვის. განათლების მეცნიერებაშიც პორტფოლიო უპირველესად, როგორც აუთენტური დოკუმენტი, მიღწევის შეფასების ალტერნატიულ შესაძლებლობას გამოხატავს.
პორტფოლიოს აქვს შემდეგი ფუნქციები:
ცოდნის დოკუმენტირება;
მიღებული ცოდნის სისტემაში მოყვანა;
თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირება;
(თვით)ევალუაცია.
რა არის მასწავლებლის პორტფოლიო?
საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს მასწავლებელთა პროფესიული მომზადება და განვითარება წარმოადგენს. სწორედ მასწავლებლის პორტფოლიო არის ის მნიშვნელოვანი იარაღი, რომლის წარმოება, ანალიზი და შეფასება დაეხმარება მას პროფესიული კომპეტენციის განვითარებაში.
პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის,
შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, პორტფოლიო არის იმ თვალსაჩინო მასალის კრებული, რომელიც პედაგოგის საქმიანობის მზარდ ხარისხს უჩვენებს; იგულისხმება პედაგოგიური ნიჭი, სწავლების სტილი და პროფესიული კომპეტენცია (ცოდნა და უნარები). პორტფოლიო ინდივიდუალური დოკუმენტია.
რისთვის გვჭირდება მასწავლებლის პორტფოლიო?
კენეტ ვულფი, რომელიც ერთ-ერთი აღიარებული მკვლევარია პორტფოლიოების განათლებაში გამოყენების მიმართულებით, აღნიშნავს, რომ ეს მართლაც ჩინებული პრაქტიკაა, რამდენადაც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მასწავლებლის სწავლების მეთოდების ეფექტურობასა თუ მის მზარდ განვითარებას, მის ცოდნას, უნარებს, დამოკიდებულებებს, ქცევებს, რამდენად ადეკვატურია ის ჩვეულებრივ საკლასო გარემოში. პორტფოლიო შეუცვლელი იარაღია მასწავლებლის თვითშეფასების საქმეში და ეხმარება მას, მოემზადოს სხვა ალტერნატიული შეფასების სტრატეგიებისთვის.
მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს საკუთარი მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო საშუალებას, რომელიც არის
1. მასწავლებლის შეფასების და თვითშეფასების საშუალება და მისი პროფესიული განვითარების მაჩვენებელი – პორტფოლიო პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე;
2. მასწავლებლის ერთგვარი “სავიზიტო ბარათი” - პორტფოლიოს დახმარებით, დაინტერესებული მკითხველი ნათელ წარმოდგენას იქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ. როგორც წესი, პორტფოლიოს მიმოიხილავენ მასწავლებლის დასაქმების, წახალისების ან კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტია. ხშირად პორტფოლიოზე დაყრდნობით ხდება მასწავლებლის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის და მისი პროფესიული კომპეტენციის შეფასება.
როგორ აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო
პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უფრო მაღალია მისი შეფასება.
აიღეთ საქაღალდე, რომელიც ამიერიდან თქვენი პორტფოლიოს ფუნქციას შეასრულებს.
განსაზღვრეთ პორტფოლიოს თემა და მიზანი და დაიწყეთ რეფლექსია ოთხ შეკითხვაზე:
ა) ვინ გაეცნობა ჩემს პორტფოლიოს?
ბ) რა აინტერესებს ჩემი საქმიანობის შესახებ ჩემი პორტფოლიოს პოტენციურ მკითხველს?
გ) რა მსურს გავაცნო მკითხველს?
დ) რა ფორმით შეიძლება ჩემი საქმიანობის პოზიტიური მხარეების ჩვენება პორტფოლიოში?
კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მასწავლებლის პროფესიული და საგნობრივი სტანდარტი, ეთიკის კოდექსი და მათი დანიშნულება. ხელახლა გადახედეთ ამ დოკუმენტებს. დაფიქრდით და მონიშნეთ მუხლები, რომლებსაც ან განსაკუთრებული ხარისხით/წარმატებით ასრულებთ, ან იმაზე გაცილებით უკეთ, ვიდრე აქამდე ასრულებდით.
მოიფიქრეთ, რა თვალსაჩინო მასალითაა შესაძლებელი თქვენი საქმიანობის ეფექტურობის ან სრულყოფის ჩვენება. გადახედეთ პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტების/თვალსაჩინოებების ნუსხას. გადაწყვიტეთ, რა მასალას შეიტანთ პორტფოლიოში და რა თანმიმდევრობით.
დაიწყეთ მასალის შეგროვება. თითოეულ დოკუმენტს დაურთეთ მოკლე ფორმალური აღწერა. მაგალითად: გაკვეთილის გეგმა, მოსწავლის ნამუშევარი, პედაგოგიური ესე, პედაგოგიური კვლევის ანგარიში, განხორციელებული ღონისძიებების, ჩატარებული პროექტების გეგმები და სხვ.
პორტფოლიოს შევსებისას გააკეთეთ სარჩევი, რომელიც მკითხველს გაუადვილებს მასალაში ორიენტაციას.
ჩადეთ სარჩევი პორტფოლიოს დასაწყისში.
მოემზადეთ თქვენს პორტფოლიოზე საუბრისათვის. პორტფოლიოს მოშველიებით ხშირად იმართება ინდივიდუალური გასაუბრებები მასწავლებლის საქმიანობის შესაფასებლად.
წარუდგინეთ დასრულებული პორტფოლიო დაინტერესებულ პირს.
რისგან შედგება მასწავლებლის პორტფოლიო?
მასწავლებლის პორტფოლიო უნდა შეიცავდეს იმ დოკუმენტებს/მასალას, რომელიც წარმოაჩენს მის პროფესიულ საქმიანობას.
უფრო ხშირად, პორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს მოიცავს:
1. მასწავლებლის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (ე. წ. CV)
2. ყველა კლასისთვის წლიური სასწავლო კურსის პროგრამა/სილაბუსი, თემატური ერთეულის, სამოდელო გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების, ჩატარებული კვლევების ამსახველი მასალა, კერძოდ:
თემატური ერთეულის, გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის, აღმზრდელობითი/შემოქმედებითი ღონისძიების გეგმა;
გაკვეთილის (თემატური ერთეულის, კვლევის, პროექტის, ღონისძიების) ჩატარების ანგარიში;
გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი (ტექსტი, პოსტერი, ფილმი და სხვ.); მისი მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი;
გამოყენებული მეთოდის//სტრატეგიის მოკლე აღწერა, ანგარიში მისი ეფექტურობის შესახებ;
გაკვეთილის (თემატური ერთეულის, პროექტის, ღონისძიების) მიმდინარეობის, კათედრის სხდომაზე, სემინარსა თუ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაციიის ამსახველი მასალა;
3. მასწავლებლის მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების ქსეროასლები.
4. კოლეგის გაკვეთილზე დასწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები;
5. პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის ამსახველი მასალა (სერტიფიკატი, სილაბუსი/გეგმა/პროგრამა, ღონისძიების თქვენეული მოკლე შეფასება);
6. თვით მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგის, სემინარის/მრგვალი მაგიდის ამსახველი მასალა;
7. ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამარჯვებული და პრიზიორი მოსწავლეების სიგელების ასლები;
8. მოსწავლეების, მშობლების ან კოლეგების გამოხმაურება;
9. მოსწავლეთა სწავლის შეფასების ამსახველი მასალა და ანალიზი -
მოსწავლეთა ტესტირების ან შეფასების ამსახველი მასალა (გეგმა, ტესტირების/გამოცდის /კითხვარის ნიმუშები, შედეგების ანალიზი) და სხვა.
10. მენტორის სამუშაო გეგმა, ანგარიში და სხვ.
ცხადია, სავალდებულო არ არის, ყველა ჩამოთვლილი დოკუმენტის შეტანა პორტფოლიოში. მასწავლებელის პორტფოლიოში მხოლოდ ის აქტივობები უნდა იყოს დოკუმენტირებული, რომელსაც თავად ახორციელებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის პრეზენტაცია
2019 წლის 10 ივნისს შპს N 1 სკოლის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებმა წარმოადგინეს მათ მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ა...
-
სწავლებისა და სწავლის თანამედროვე სტრატეგიები კომუნიკაცია კომუნიკაცია...
-
განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას, აწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას, თუ როგორ არის შესაძლებელ სწავლის შედეგის გაუმ...
-
გთავაზობთ გაკვეთილის მსვლელობას და აქტივობების მოკლე აღწერას მეორე კლასის ღია გაკვეთილისთვის. 1. მოსწავლეებმა წარადგინეს თავი მოკლე დახასი...
ძალიან საინტერესოა !!
ReplyDeleteწარმატებები!!