იმ მასწავლებლის ოსტატობა, რომელსაც შეუძლია აუდიტორიის აყვანა, სინამდვილეში დეტალებისგან შედგება. როგორ ვმართოთ დისციპლინის შესანარჩუნებლად მოსწავლეების ყურადღება და საკუთარი ხმის ტემბრი? ბევრი პედაგოგი ამ კითხვებს – მრავალწლიანი გამოცდილების, ბევრიც რიგი შეცდომების დაშვების შემდეგ პასუხობს. თუმცა ეს მიდგომები კარგა ხნის შესწავლილია, მათ შორის წიგნში “ცოდნიდან უნარებამდე. უნივერსალური წესები ნებისმიერი უნარების გასავარჯიშებლად”, რომლის ავტორები დუგ ლემოვი, ქეითი ეცი და ერიკა ვულვეი სწავლების ე.წ. მზა რეცეპტებს გვთავაზობენ.
ძლიერი ხმა – მასწავლებლებმა/ მწვრთნელებმა უნდა იმუშაონ ძლიერ ხმაზე, ხმაში აქცენტების გადანაწილებაზე, რაც კლასის მართვის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. ხშირია შემთხვევები, როდესაც სკოლის ადმინისტრაცია კარგ მასწავლებელს რთულად სამართავ კლასში უშვებს. კარგი მასწავლებელი ახერხებს მოსწავლეების მართვას, გარკვეული მეთოდით კლასს მოსმენასაც აიძულებს. ამ მეთოდის ფარგლებში მასწავლებელი იყენებს შემდეგ უნარებს: პირველია ლაკონურობა. რაც უფრო მოკლედ და ზუსტად საუბრობს მასწავლებელი, მით უფრო ძლიერია ეფექტი. ზედმეტი მჭერმეტყველება იმის სიგნალია, რომ მასწავლებელი ნევროზულია და არ აქვს მყარი ცოდნა. ზუსტად შერჩეული სათქმელი საპირისპირო ეფექტის მქონეა. მასწავლებელმა აზრი მარტივი სინტაქსური კონსტრუქციებით უნდა გადმოსცეს. გაკვეთილის მთავარი ხაზი არ უნდა დაიკარგოს არაფრისმთქმელ საინფორმაციო კორიანტელში.
ნუ ისაუბრებთ მოსწავლესთან ერთად. მასწავლებლის სიტყვა წონიანი უნდა იყოს. დაელოდეთ სრულ სიჩუმეს კლასში და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ საუბარი. ამით მოსწავლეებს აჩვენებთ, რომ კლასში სიტუაციას თქვენ განაგებთ, თქვენ წყვეტთ – ვინ და როდის გამოთქვას აზრი. მაგალითად, თუ აპირებთ თქმას: “ბავშვებო, ამოიღეთ რვეულები და ჩაინიშნეთ დავალება”, დაელოდეთ, სანამ მოსწავლეები გაჩუმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაანიშნინეთ დავალება. თუ უყურადღებოდ ისმენენ, სიტყვა გაწყვიტეთ. შეისვენეთ. ნუ შეიცვლით დგომის პოზას. გამოხატეთ თქვენი კატეგორიული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ სიმშვიდეში საუბრობთ.
ნუ მისცემთ მოსწავლეს იმის საშუალებას, რომ ჩაგრთოთ მის მიერ წამოწყებულ დიალოგში.მასწავლებელს თავისი გეგმა-მიზანი აქვს და გაკვეთილის ბოლომდე მას უნდა მიაღწიოს. ეს პრინციპი განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს შენიშვნას აძლევს. აი, მაგალითიც: დევიდი წინ მჯდომი მარგარეტის სკამს ფეხებით აქანავებს. მასწავლებელი ეუბნება: “დევიდ, ნუ აწუხებ მარგარეტს.” დევიდი პასუხობს: “მასწ, ის თვითონ მაწუხებს”. მასწავლებელს უნებურად უჩნდება ამ დიალოგის განვრცობის სურვილი. “მარგარეტ, მართლაც ასეა?” როგორც კი მასწავლებელი ამ კითხვას დასვამს, ის მოსწავლის მიერ ინიცირებულ არაფრისმომტან დიალოგში ერთვება, რის შედეგადაც იწირება გაკვეთილის დრო. ამიტომ მასწავლებელს კატეგორიული რეაქცია უნდა ჰქონდეს: “დევიდ, გთხოვ, გაწიო ფეხი და მეორედ აღარ შეაწუხო მარგარეტი”. თუ დევიდი თავის მართლებას შეუდგა, ეს თემა აღარ განავრცოთ და გაკვეთილს დაუბრუნდით.
უყურეთ მოსწავლეებს თვალებში, არ დაიძრათ ადგილიდან. რაზეც არ უნდა საუბრობდეს მასწავლებელი, ის არავერბალურ კომუნიკაციასაც იყენებს. ამ დროს “სხეულის ენა” მუშაობს. თუ გინდათ, რომ თქვენი სიტყვების მნიშვნელოვნება ხაზგასმული იყოს, მთელი სხეულით შეტრიალდით იმ მოსწავლისკენ/მოსწავლეებისკენ, ვისაც მიმართავთ. ეცადეთ, ბავშვებს თვალებში უყუროთ. ისაუბრეთ მხრებში გამართულმა ან ოდნავ წინ გადახრილმა. ამით კლასს აჩვენებთ, რომ სიტუაციას თქვენ, მასწავლებელი მართავთ. არ შეიცვალოთ ადგილი, საიდანაც მოსწავლეებს ესაუბრებით და დავალებას აძლევთ. ნაკლებად მიმართეთ ჟესტიკულაციას. ოფიციალური დგომის პოზა ძალიან ეფექტურია.
სიჩუმის ძალა. ჩვეულებრისამებრ, ის მასწავლებელი, რომელიც შიშობს, რომ კლასი მას არ მოუსმენს, ძალიან ხმამაღალ და სწრაფ საუბარს იწყებს. ჩქარი და სწრაფი საუბარი ღელვის, შიშის და დაკარგული კონტროლის პირველი სიგნალია. მოსწავლები გრძნობენ, რომ მასწავლებელი დაჯაბნეს. ემოციებს მისი ისტერიკამდე მიყვანა შეუძლიათ, რაც საკონტროლოს წერასა და ამოცანის ამოხსნაზე გაცილებით სასურველია მოსწავლეებისთვის. პარადოქსულია, მაგრამ მასწავლებლის ზედმეტად ხმამაღალი საუბარი კლასში ხმაურს კიდევ უფრო აძლიერებს. თუ გსურთ, რომ ყურადღებით გისმინონ, ისაუბრეთ გარკვევით, თავდაჯერებით და მშვიდად. პერიოდულად ხმას დაუდაბლეთ კიდეც, რათა იმატოს სიჩუმის ძალამ. მშვიდი, გაწონასწორებული და მცოდნე მასწავლებელი ბავშვებში მეტ ავტორიტეტს იმსახურებს.
ასპროცენტიანი ჩართულობა. ეს იმ მოსწავლეთა რაოდენობაა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში უნდა იყოს ჩართული. დიახ, არავითარი ფანტასტიკის სფერო. კარგი მასწავლებლები პოზიტიური მიდგომების გამოყენებით ამ შედეგს რეალურად აღწევენ. ისინი მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობის სამ ძირითად მეთოდს იყენებენ.
კორექცია არ უნდა იყოს თავს მოხვეული და აგრესიული. კლასის ასპროცენტიანი ყურადღება მასწავლებელს გაკვეთილის ნორმალური ჩატარებისთვის სჭირდება. მასწავლებელი, რომელიც ბავშვების დაშოშმინებაზე კარგავს დროს, იმ მოსწავლეების ყურადღებასაც ფანტავს, ვინც მზადაა უსმინოს. დროის მინიმალური დანაკარგით დისციპლინის შენარჩუნება გაკვეთილის თანმდევი პროცესია. ამისათვის აუცილებელია: 1. არავერბალური კორექცია – გაკვეთილის მთავარი თემიდან გადახვევის გარეშე ცელქ ბავშვებთან მუდმივი კონტაქტი ჟესტებისა და გამოხედვის, “სხეულის ენით” საშუალებით. 2. პოზიტიური ჯგუფური კორექცია – შეახსენეთ მთელ კლასს რა არ უნდა აკეთონ, ნუ ეტყვით ამას სათითაოდ ყველა მოსწავლეს. 3. ინდივიდუალური ანონიმური კორექცია – თქვენი შენიშვნა ასე უნდა ჟღერდეს: “კლასი ელოდება როდის გაჩუმდება ეს ორი მოსაუბრე და მხოლოდ ამის შემდეგ განვაგრძობთ გაკვეთილს”. 4. ინდივიდუალური კორექცია – თუ კონკრეტულ მოსწავლეს აძლევთ შენიშვნას, გააკეთეთ ეს სხვებისთვის შეუმჩნევლად. შეგიძლიათ წესრიგის დამრღვევთან მიხვიდეთ, მხაზრე ხელი დაადოთ ან დაიხაროთ და თხოვოთ, რომ მოგისმინოს. 5. სწრაფი საჯარო კორექცია – ინდივიდულაური კორექცია ყოველთვის არ ჭრის, ამიტომ შეგიძლიათ მოსწავლეს მთელი კლასის გასაგონად მიმართოთ. მაგალითად, ასე: “კვენტინ, სად იყურები? უკანა მერხებზე მსხდომებმა მომაქციეთ ყურადღება!” არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ და განავრცოთ ეს თემა. 6. დასჯა – უკიდურესი მეთოდი, რომლის დროსაც მასწავლებელმა არ უნდა ჩაშალოს გაკვეთილი. მან გადაწყვეტილება სწრაფად და უყოყმანოდ უნდა მიიღოს. თუმცა, იდეალურ შემთხვევაში, დამსჯელობითი მეთოდების გამოყენება მიუღებელია. მასწავლებელმა ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა იპოვნოს უმტკივნეულო გამოსავალი.
საუკეთესო მასწავლებლები კლასში შესვლისთანავე ამჩნევენ გაკვეთილზე ნაკლებად კონცენტრირებულ მოსწავლეებს და მათ უყურადღებობას მალევე აღკვეთენ.
კარგ მასწავლებელს არ ეუხერხულება მთელი კლასის თანდასწრებით შეაქოს ზარმაცი მოსწავლე, რომელმაც დავალება სხვებზე უკეთ შეასრულა.
მასწავლებლის მიზანი არ არის მიიპყროს მთელი კლასის ყურადღება, ყურადღება საშუალებაა, ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებით მოსწავლეებმა წარმატებას უნდა მიაღწიონ. “მიყურეთ, თორემ ვერაფერს გაიგებთ” – სჯობს ასეთი შენიშვნა მისცეთ, ვიდრე: “ყველამ უყურეთ მასწავლებელს. თქვენ ეს უპირობოდ უნდა შეასრულოთ”.
უნივერსალური მოთხოვნის კომპონენტი – მასწავლებელი მიმართავს კლასს: “მინდა, რომ მხრებგამართული ისხდეთ” ან “ჩვენ ყველა მხრებში ვიმართებით”, და არა: “თვალებში მიყურეთ, როცა მე ვლაპარაკობ”.
წყარო; edu,aris.ge
წყარო; edu,aris.ge